11/13/2011

ნარკო-MANIA


 სითბო… მზე… მინდორი ბევრი ფერადი ყვავილით. დარბიხარ  და გრილი ნიავი სასიამოვნოდ გელამუნება სხეულზე, თმას გიწეწავს. ბედნიერი ხარ. ასე გგონია მეტი არაფერი გჭირდება ცხოვრებაში. გგონია ყველაფერს შეძლებ, დედამიწას გადააყირავებ, მთებს ცალი ხელით გადადგამ. ძალა გემატება. აღარ ფიქრობ ყოველდღიურ პრობლემებზე. არ გახსოვს დედა, მამა, და, ძმა, შეყვარებული, არავინ!!! არც გინდა რომ გახსოვდეს იმიტომ, რომ სულ ერთია შენთვის. ახლა მთავარია დიდხანს იყო ასეთი ბედნიერი.
      გრძნობ სირბილის დროს როგორ გჩხვლეტენ ყვავილები, მაგრამ გსიამოვნებს. უცნაური შეგრძნება გეუფლება. თითქოს  ერთდროულად გრძნობ ყველაფერს: ტკივილს, სიხარულს, სევდას, ბედნიერებას, მონატრებას, აღმაფრენას. პირში მოტკბო, სასიამოვნო გემო გაქვს. თვალებდახუჭული ხარ და გინდა ყველაფერი ღრმად შეიგრძნო, ისე, რომ არ დაგავიწყდეს და სამუდამოდ დარჩეს შენში. ერთადერთი რაც გაშფოთებს ისაა, რომ მალე დამთავრდება ეს. იცი, რომ ხანგრძლივი არაა.
     ნელ-ნელა რეალობას უბრუნდები. სიცივეს და სისველეს გრძნობ. სრულად გამოფხიზლებამდეც ხვდები, რომ ცივ სარდაფში ხარ, სადაც არავინ ზრუნავს შენზე. აღარსადაა მოწმენდილი ცა, მზე, გრილი ნიავი და ფერადი ყვავილები. ვეღარც ტკბილ გემოს გრძნობ პირში და ის “ყველაფერნარევი” შეგრძნებაც გაქრა რითიც რამდენიმე წუთი ტკბებოდი. ირგვლივ მხოლოდ შენსავით გაუბედურებული ხალხი გახვევია.
    გულმოკლული ფიქრობ გზაზე, რომელიც ამ სარდაფამდე გაიარე. ვერაფრით მიმხვდარხარ როდის მოასწარი აქამდე დაცემა. უამრავი აზრი გიტრიალებს თავში, სიტყვებს ერთმანეთზე ვერ აბამ, წინადადებები ბზიკებივთ ირევიან თავში და აზრს ვერ ალაგებ. მშობლის სითბო და ალერსი გენატრება, მაგრამ უკან დაბრუნება არ შეგიძლია, ასე ვერავის დაენახვები, განსაკუთრებით დედას. უამრავი ბზიკიდან მხოლოდ ერთი იკვლევს გზას ტვინისკენ და ფიქრობ მხოლოდ ერთ რამეზე, როდის იშოვი ახალ დოზას, რომ ისევ შეუშვა ვენაში და თავიდან განიცადო ნირვანა. რაღაც უნდა გააკეთო, თორემ ვეღარ გაძლებ, მალე კანკალი აგიტანს და გამოსავალი იცი რომ მხოლოდ ერთია.   იცი, რომ თავს უნდა ძლიო, მაგრამ ნებისყოფა აღარ გაქვს, ბრძოლის და სიცოცხლის სურვილი დაკარგე, ამიტომაც გადიხარ გარეთ იმის საშოვნელად, რაც ერთადერთ სიხარულს წარმოადგენს შენს არსებობაში.
  პ.ს.   ნარკომანია – ძილი, გაშტერება, სიგიჟე, ლტოლვა, მიდრეკილება. მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს. 26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

Комментариев нет: