11/26/2011

Honda–ს მთავარი სიამაყე კონცეფტი Advanced Cruiser-X



  ოთხკარებიანი კუპეს დღეს მოდური ძარის სტილში შესრულებული ეს ავტომობილი  სერიული Insight–ის ბაზაზეა შექმნილი. თუმცა, მის გარეგნობაში საერთო ნიშნების პოვნა საკმაოდ რთულია. კონცეფტს აბსოლუტურად ფუტურისტული იერი აქვს. მისი ექსტერიერის ყველაზე გამორჩეულ ელემენტებს თითქმის გამჭვირვალე რადიატორის ბადე წარმოადგენს, რომელიც მოცისფრო ფერით ნათდება, აგრეთვე ხმლის პირივით საოცრად თხელი გვერდითი სარკეები და დიოდური ზოლები, რომლებიც წინა ბამპერის ყველაზე ქვედა ნაწილშია განთავსებული. ასეთივე ზოლები აგრეთვეა უკანა ნაწილში, მაგრამ ისინი გზის ზედაპირის დონეზე ოდნავ მაღლა მდებარეობენ. სამწუხაროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიაში ასეთი ავტომობილის წარმოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, კონვეიერამდე გასავლელ გზაზე იგი სავარაუდოდ ექსტერიერის ყველაზე მიმზიდველ დეტალებს დაკარგავს და საკმაოდ სტანდარტულ ჰეჩბექად იქცევა.

Advanced Cruiser-X აღიჭურვება ძალოვანი დანადგარით, რომელიც 1,6 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავასა და ელექტროძრავას აერთიანებს. მანქანას მხოლოდ ელექტროწევითაც შეუძლია გადაადგილება, მაგრამ მისი მთავარი ღირსება სხვა რამეშია. ჰიბრიდულ რეჟიმში საწვავის ხარჯვა გარბენის 100 კილომეტრზე სულ რაღაც 0,9 ლიტრს შეადგენს. ამდენად, ბენზინის მარაგი, ავზის სრულად შევსების შემთხვევაში, 1000 !!! კილომტრის გასავლელად არის საკმარისი. ასეთი შედეგი იმის წყალობით მიიღწევა, რომ ელექტრონიკა რეალური დროის რეჟიმში გათვლის, თუ რა სიმძლავრის გამოყენება არის საჭირო თითოეულ ძრავაზე იმისათვის, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოძრაობა მაქსიმალურად ეკონომიური იყოს. ამ ავტომობილს ნაკლებად ეკონომიური მოძრაობის რეჟიმიც გააჩნია, რაც იმ პოტენციურ მყიდველს დააკმაყოფილებს, ვისთვისაც უფრო სწრაფად მოძრაობაა პრიორიტეტული.

Honda–ს წარმომადგენლების მთავარ სიამაყეს ასევე წარმოადგენს ის, რომ მათი თქმით ეს ავტომობილი ერთნაირად იდეალურად მოერგება იმ ადამიანებსაც, რომელთაც თავიანთი ავტომობილებით შორეულ მანძილზე მგზავრობა უყვართ, აგრეთვე იმათაც, ვინც მანქანას უბრალოდ სახლიდან სამსახურამდე მისასვლელად იყენებს. ამასთან, კონცეფტის სერიული გამოშვების თაობაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. შესაძლებელია ამ მხრივ თავისი როლი უნდა შეასრულოს ამ ავტომობილთან მიმართებაში სპეციალისტებისა და მაყურებელთა რეაქციამ ტოკიოს ავტოსალონის დასრულების შემდეგ.