10/31/2011

ბლოგინგი საქართველოში



  საქართველოში ბოლო წლის განმავლობაში სოციალური მედია, მათ შორის ბლოგინგი, ნელ-ნელა ძალას იკრებს და ვითარდება. ქართული ბლოგების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ზოგადად ინტერნეტი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული სივრცეა. აქედან გამომდინარე არც არის გასაკვირი, რომ მსოფლიოს წამყვანი ჟურნალისტები ინფორმაციის ორმხრივი გაცვლისთვის აქტიურად იყენებენ ბლოგ-სივრცეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ბლოგინგით ჩვეულებრივი მომხმარებლების გარდა, რამდენიმე პროგრესული მედია-საშუალებაც დაინტერესდა. ეს საკმაოდ კარგი ხერხია ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ან მედია-გამოცემისთვის საკუთარი მკითხველებისგან შემდგარ ფართო აუდიტორიასთან გახსნილად ისაუბროს ნებისმიერ თემაზე, გაცვალოს ინფორმაცია, ჩაერთოს დისკუსიაში და ა.შ.

ბლოგინგის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია ბიზნეს სფეროში, ასევე ტურიზმის განვითარების მიმართულებით. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით 15 აპრილს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ქართველ ბლოგერებს და Youtube-რებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი გამოცდილ და წარმატებულ ბლოგერებთან, პირველ რიგში, ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ შესაძლო მოქმედებების განხორციელებაზე მსჯელობა იყო, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ბლოგინგის განვითარებას. საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა სპეციფიკური საგანმანათლებლო ტრენინგები ბლოგერებისთვის, ქართული ბიზნეს სეგმენტის ბლოგინგით დაინტერესება, კორპორატიული ბლოგინგის განვითარება, სოციალური მედიის როლი ტურიზმის განვითარებაში და სხვა. შეხვედრაზე ბლოგერის სტატუსით მიწვეული ერთ-ერთი სტუმრის, დავით ბირმანის თქმით, "ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის ძირითადი დადებითი შედეგი არის ის, რომ დაისახა განვითარების სამომავლო გეგმები. ქართველმა ბლოგერებმა დაინახეს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დაინტერესებულია ქართული ბლოგინგით და გაეცნო იმ პრობლემებს, რაც არსებობს ბლოგინგისა და ბიზნესის ურთიერთობებში. თუ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდა, შთამბეჭდავ შედეგებს შეიძლება ველოდოთ".
როგორც ცნობილია, პირველი ბლოგები საქართველოში 2005 წლიდან არსებობს. ბოლო 1 წელია შეინიშნება ბლოგერთა რაოდენობის ზრდა. blogroll.ge-ს შემქმნელი სტუდიის "ომედიას" დირექტორის, ნოდარ დავითურის თქმით, "საქართველოში დაახლოებით ათასამდე აქტიური ბლოგერია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ინტერნეტ-სივრცე საკმაოდ პატარაა, ათასი ბლოგერი არასაკმარისია". შედარებისთვის გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანში ბლოგერების რაოდენობა 37 ათასს აღწევს. "ნავიგატორის" მკითხველისთვის საინტერესოა, თუ რა რიცხობრივი მაჩვენებლით განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტ-მომხმარებელთა აუდიტორია. 2008 წლის მონაცემებით, ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 1 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წელს ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა 1.5 მილიონს აღემატება.
მიუხედავად აღნიშნული მონაცემებისა, ქართველი ბლოგერები ბლოგინგის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ მიზეზად საზოგადოების არაინფორმირებულობას ასახელებენ. იმისათვის, რომ ბლოგერობა საქართველოში უფრო მასობრივი გახდეს, ინტერნეტის მომხმარებელმა, მკითხველებმა, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორმა, ტრადიციულმა მედიამ და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა შეიტყონ, თუ რაში მდგომარეობს ბლოგის უპირატესობა. "ის თემები, რისთვისაც დღეს მრავალი საიტი იხსნება, შესაძლოა ბევრად აქტუალურ თემად აქციოს ბლოგის ერთმა ჩანაწერმა. ის ბიზნესმენი, რომლის იმიჯის შექმნაზე ტელე-ეთერის საშუალებით საათები იხარჯება, ბლოგის საშუალებით იგივე შედეგს გაცილებით მალე და ამავდროულად უფასოდ მიაღწევს. ბლოგი არ არის რამდენიმე ათეული ადამიანის ჰობი. ბლოგი არის საკუთარი აზრების გამოხატვის ყველაზე თანამედროვე და დამაჯერებელი საშუალება. როგორც კი ამას შეიტყობს საზოგადოება, ბლოგინგი თავისთავად განვითარდება. რასაკვირველია, საჭიროა შესაბამისი საგანმანათლებლო ნაბიჯები როგორც ტექნიკური კუთხით, ასევე თვით ბლოგინგის პოპულარიზაციისთვის", - აცხადებს დავით ბირმანი.
ქართული ბლოგინგის პოპულარიზაციისთვის დადებითი შედეგები მოაქვს ამა თუ იმ ფონდისა თუ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებს. საქართველოში სოციალური მედიის და კერძოდ ბლოგინგის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", რომლის მხარდაჭერითაც შეიქმნა blogroll.ge, ჩატარდა "სოციალური ინოვაციების ბანაკი", გაიმართა ინტერნეტ-ტელევიზიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სინგულარ-ჯგუფი გახლდათ. კონფერენციის პირველ დღეს  ჟურნალისტები, სოციალური მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები, ვებ-დეველოპერები და სტუდენტები შეიკრიბნენ. ახალი მედიის ქართველმა ექსპერტებმა და სინგაპურიდან მოწვეულმა მომხსენებლებმა ყურადღება სოციალური მედიის შესაძლებლობებზე და ინტერნეტ-მაუწყებლობის სოციალურ მხარეზე გაამახვილეს. ისაუბრეს ინტერნეტ-ტელევიზიის სოციალურ გავლენაზე, ტრადიციულ ბლოგინგსა და ვიდეო-ბლოგინგზე, პოპულარული ვიდეო მასალის შექმნაზე და ონლაინ-მაუწყებლობის სტანდარტებზე. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ქართველი ბლოგერი მარი ტალახაძე, რომელმაც ისაუბრა ვიდეო-ბლოგინგის, ანუ ვლოგის შესახებ. მომხსენებელმა სტუმრებს გააცნო, თუ რას წარმოადგენს ვლოგი, ვინ არიან ვლოგერები, რა სხვაობაა მათსა და ჩვეულებრივ youtube-ს მომხმარებლებს შორის, რა საშუალებებით შეგვიძლია ვაწარმოოთ ვლოგი, რა სერვერები გამოვიყენოთ და სოციალური მარკეტინგის რა საშუალებებით შეგვიძლია გავუკეთოთ პოპულარიზაცია ვიდეო პროდუქტს. მარი ტალახაძე ასევე  შეეხო იმ არსებით სხვაობებს, რაც ვლოგინგსა და ტრადიციულ ბლოგინგს განასხვავებს ერთმანეთისგან. თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო-ბლოგინგი ჯერჯერობით აუთვისებელი მიმართულებაა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბლოგინგის განვითარებამდე საკმაოდ დიდი წარმატება მოიპოვა თბილისის ფორუმმა. იგი წლების განმავლობაში ვითარდებოდა, სანამ საბოლოოდ ქვეყნის ძირითად სოციალურ ქსელად არ ჩამოყალიბდა. ასევე ქართველ ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალური ქსელი Facebook. ბლოგერების ვარაუდით, ბევრი პოტენციური ბლოგერი ერიდება საკუთარი ბლოგის გახსნას, რადგან მას აკმაყოფილებს ფორუმი, როგორც დიდი წერილების განთავსების ადგილი და ფეისბუქი, როგორც თანამოაზრეებთან საუბრის საშუალება. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ქართულ ბლოგ-სივრცეში საკმაოდ ინოვაციური პროექტი გაჩნდა. ეს გახლავთ Blogging.Ge, რომელიც მთლიანად მიეძღვნება ბლოგინგს და მასთან დაკავშირებულ თემატიკას. მისი ავტორი გიორგი ტყეშელაშვილია, რომლის თქმითაც, "Blogging.Ge-ს მიზანია, ხელი შეუწყოს ბლოგინგის პოპულარიზაციას საქართველოში. აქ მომხმარებელს ბლოგინგის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლება. საიტზე განთავსებულია ისეთი საჭირო ინფორმაცია დამწყები ბლოგერებისთვის, როგორიცაა ბლოგის მნიშვნელობა, ბლოგის ფერების ცალკეული დახასიათება მათი გამოყენების მიზნით, განსხვავება Blogspot-სა და Wordpress-ს შორის. ასევე საიტზე განთავსებულია 20 ძირითადი რჩევა, რომელიც მომხმარებელმა ბლოგის დასაწყებად უნდა გაითვალისწინოს. განხილულია, ისეთი საკითხები, როგორიცაა ბლოგის თემატიკა, სათაური, ბლოგინგ პლატფორმა, დიზაინი, სტატისტიკა და პოსტები. Blogging.Ge-ზე დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს შემდეგი კატეგორიები: ბლოგების ანალიზი, ვიდეო ტუტორიალები და სასარგებლო რჩევები.
აუცილებლად უნდა ვისაუბროთ blogroll.ge-ს შესახებ, რომელიც ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ყველაზე წარმატებული პროექტია. ეს არის ქართული ბლოგების კატალოგი და აგრეგატორი. ნებისმიერ ბლოგერს შეუძლია დარეგისტრირდეს საიტზე და თემატურ კატალოგში დაამატოს საკუთარი ბლოგი. საიტი ავტომატურად ათავსებს პოსტებს სიაში რეიტინგის მიხედვით. მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს, გამოიწეროს საყვარელი ბლოგები, მიიღოს ავტომატური განახლება, ახალი შეტყობინებები და სხვა. blogroll.ge დამწყებ ბლოგერებს პოპულარიზაციაში ეხმარება, ხოლო მკითხველებს - სიახლეების აღმოჩენაში. საიტმა ბლოგინგის განვითარებაში საკმაოდ დიდი მუშაობა გასწია და დღესდღეობით ყოველდღიურად 2000-მდე ვიზიტორს ითვლის.
"ნავიგატორი" შეეცადა მოკლედ მიმოეხილა ქართული ბლოგინგის მნიშვნელობასთან თუ მის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინტერნეტი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, სოციალური მედიის  კონკრეტული სახეობა - ბლოგინგი ჯერჯერობით მასიურად აუთვისებელია. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული ქართული ბლოგინგის განვითარების პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე წინ გადადგმულ არაერთ ნაბიჯს ვიხილავთ.

Комментариев нет: