10/08/2011

„თუ ყოველ დღეს ისე გაატარებ, თითქოს ეს დღე უკანასკნელია, ადრე თუ გვიან აუცილებლად სწორი იქნები.“

  ერთი ციტატა წავიკითხე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: „თუ ყოველ დღეს ისე გაატარებ, თითქოს ეს დღე უკანასკნელია, ადრე თუ გვიან აუცილებლად სწორი იქნები.“ მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ, 30 წელიწადია,  საკუთარ თავს ვეკითხები: „დღეს რომ ჩემი ბოლო დღე იყოს, მომინდებოდა იმის გაკეთება, რასაც დღეს ვაპირებ?“ და როდესაც ამ კითხვას მიყოლებით ბევრი დღის მანძილზე აქვს უარყოფითი პასუხი, ვხვდები, რომ რამე უნდა შევცვალო.
 ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ყველაზე კარგად სწორედ იმის გახსენება მეხმარებოდა, რომ შესაძლოა მალე მოვმკვარიყავი. რადგანაც თითქმის ყველაფერი — სხვების აზრი, მთელი ჩემი სიამაყე, მარცხის ან წარუმატებლობის შიში — ყველაფერი ეს მომენტალურად ქრება სიკვდილის პირისპირ და რჩება მხოლოდ ის, რაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია. სიკვდილის არ-დავიწყება ჩემთვის ცნობილი საუკეთესო გზაა ფიქრების მოსაშორებლად იმის შესახებ, რომ რამე გაქვს დასაკარგი. შენ უკვე შიშველი ხარ. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება გულისთქმას არ მიჰყვე.
სიკვდილი არავის სურს. არც იმ ხალხს, ვისაც სამოთხეში მოხვედრა სწადია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიკვდილი ის დანიშნულების ადგილია, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ. არავინ არიდებია მას. და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. იგი ცხოვრებისეული ცვლილებების მთავარი მამოძრავებელია. მას ძველი მიყავს და ახალს გზას უთავისუფლებს. ამ მომენტში ახლები თქვენ ხართ, მაგრამ ერთ დღესაც, და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, დაძველდებით და თქვენც წაგიყვანენ.
  მაპატიეთ დრამატულობისთვის, მაგრამ ეს სიმართლეა.
 თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. ნუ გაებმებით დოგმათა მახეებში — ნუ იცხოვრებთ მხოლოდ სხვისი ნააზრევის შედეგზე. ნუ მისცემთ საშუალებას სხვათა მოსაზრებების ხმაურს ჩაახშოს თქვენი შინაგანი ხმა. და, რაც ყველაზე მთავარია, გქონდეთ საკუთარი გულის და ინტუიციისთვის ბოლომდე მიყოლის გამბედაობა. ამ ორმა რაღაცნაირად უკვე იცის, ჭეშმარიტად რისი სურვილი გაქვთ. ყველაფერი დანარჩენი — მეორეხარისხოვანია.

Комментариев нет: