ვასო აბაშიძე |
ვასო აბაშიძე – Vaso Abashidze (1854-1926)
ვასო აბაშიძე ეკუთვნის ადამიანთა იმ რიცხვს, რომლებსაც წილად ხვდათ დიდი მისიის შესრულება. ქართული თეატრის აღორძინება მის სახელთანაა დაკავშირებული.
ვასო (ვასილ) ალექსის ძე აბაშიძე დაიბადა 1854 წლის 22 ნოემბერს (4 დეკემბერი) დუშეთში. ვასო აბაშიძის მამა ალექსი, შორაპანის მაზრის სოფელ სავანეს მცხოვრები, მასწავლებლობდა, ქალაქ დუშეთში, იგი ფრიად განათლებული ადამიანი ყოფილა. მას ცოლად ჰყოლია ანასტასია შატოვსკაია, წარმოშობით უკრაინელი, ქართული ენის ბრწყინვალე მცოდნე. ქართული წერა-კითხვა პატარა ვასოს სწორედ დედამ შეასწავლა. 1858 წელს მშობლები საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ. საშუალო განათლების მისაღებად ვასო მიაბარეს ე.წ. კეთილშობილთა სასწავლებელში (შემდეგში პირველი გიმნაზია), სადაც სწავლობდნენ. ალ. სუმბათაშვილი და ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკო. 1869 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ალექსი ქუთაისში გადაიყვანეს, ვასოც სწავლას ქუთაისის გიმნაზიაში აგრძელებს, რომელსაც 1872 წელს ოქროს მედალზე ამთავრებს. ამავე წელსვე იწყებს 18 წლის ჭაბუკი მასწავლებლობას ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. იგი სულ შვიდი წელიწადი მასწავლებლობდა: ქუთაისში (1872-1877), შუშასა და ყაზახში (აზერბაიჯანი, 1877-79 წწ.).
ვასოს ძლიერ უყვარდა სცენა. გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში (ალ. სუმბათაშვილსა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩეკოსთან ერთად). 1875-78 წწ-ში ქუთაისში დაარსდა სცენისმოყვარეთა წრე, რომელშიც მუდმივად მართავდა წარმოდგენებს. ამ წარმოდგენებში ვასო აბაშიძეც იღებდა მონაწილეობას 1877 წლამდე. 1877-78 წლებში ვასო აბაშიძე დანიშნეს სამაზრო ქალაქ ყაზახის (ელიზავეტოპოლის გუბერნია) სასწავლებლის ზედამხედველად. მიუხედავად სამსახურისა, ზაფხულობით იგი ჩამოდიოდა თბილისში და მონაწილეობას იღებდა სცენისმოყვარეთა წრეში. პირველი მისი სცენაზე გამოსვლა თბილისში 1877 წელს სახაზინო თეატრში შედგა, სადაც ითამაშა ისაიას როლი გ. სუნდუკიანის პიესა “ხათაბალაში“.
1879 წელს ვასო აბაშიძემ თავი დაანება სამსახურს და სამუდამოდ შევიდა ქართულ დასში, სადაც იგი 1923 წლამდე განაგრძობდა მოღვაწეობას. 1879 წელს ვასო აბაშიძე დაქორწინდა ქართული სცენის მშვენებაზე, მარიამ საფაროვაზე. “როცა ქართულ დასში მივიდა მაკო, ვასომ დაცინვა დაუწყო და ბავშვიც უწოდა, მაგრამ მალე მისი სცენაზე პირველი გამოსვლისთანავე შეხედულება შეიცვალა და ამ ხელოვანის თაყვანისმცემელიც გახდა. ერთ დღეს ვასომ მაკოს წინადადება შესთავაზა ოჯახის შექმნაზე, ქალმა იუარა, ხუმრობა ეგონა… ამასობაში გასტროლებიც დაიწყო. დასი გორში გაემგზავრა და რამოდენიმე წარმოდგენა უჩვენა. უჩვეულოდ ცხელი ამინდი იდგა. თეატრის მუშაკები გარეთ გამოვიდნენ. ვასო მაკოს აედევნა და კვლავ სთხოვა ხელი. ქალი მას ცივად შეხვდა. ვასო გამოემშვიდობა და მტკვრისკენ გაემართა. მაკომ იფიქრა, თავს დაიხრჩობსო, ამიტომ გაეკიდა და უთხრა, რომ ის მას ცოლად გაჰყვებოდა“ (დ. ჩხეიძე-მაკო საფაროვა-აბაშიძე, თბ. 1963 წ). ასე მოხდა ქართული თეატრის ორი მშვენების დაქორწინება. ორივენი ბედნიერნი იყვნენ.
1881 წელს დაიბადა ტასო, შემდეგში სცენის დიდოსტატი. ტასო აბაშიძე იგონებდა: “1881 წლის 29 მარტს დილით 5 საათზე დიდი წივილ-კივილით გავჩნდი ამქვეყნად და გავახილე ჩემი დიდრონი თვალები, ორი წლის შემდეგ ჩემს მშობლებს კიდევ ეყოლათ ვაჟი, რომელსაც არჩილი დაარქვეს. ჩემი ძმა თერთმეტი თვისა გარდაიცვალა. მე ის სრულებით არ მახსოვს, რადგანაც მხოლოდ ერთი წლით ვიყავი იმაზე უფროსი… მამაჩემი გულკეთილი და მხიარული ადამიანი იყო. იმასთან მოწყენას ვერ იგრძნობდით. მეც ისე მეთამაშებოდა, თითქოს ისიც ბავშვი ყოფილიყო“. (ტასო აბაშიძე-მოგონებანი, თბილისი. 1954)
ვასო აბაშიძის დებულება იყო: “ვისაც სურს, სცენას ემსახუროს, უწინარეს ყოვლისა უნდა გამოარკვიოს და შეიგნოს რას წარმოადგენს მსახიობის ხელოვნება“. იგი წლების განმავლობაში საკუთარ სკოლას ქმნიდა. ვასო აბაშიძე ქართული თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც დიდოსტატი კომიკოსი მსახიობი. იგი გამოირჩეოდა აქტიორული ინდივიდუალობით, გარდასახვის ნიჭით, დახვეწილი მეტყველებითა და პლასტიკით, მკაფიო დიქციითა და ინტონაციური მრავალფეროვნებით, ჟესტისა დამიმიკის ოსტატურად გამოყენებით, აგრეთვე მუსიკალობითა და სიმღერის უნარით, რაც ერწყმოდა მსახიობის განსწავლულობას, მახვილ თვალს, დახვეწილ გემოვნებასა და ზომიერების გრძნობას.
ვასო აბაშიძის არტისტული გარეგნობისა და შემოქმედების მეტად საინტერესო დახასიათებას იძლევა ილია ზურაბაშვილი. “ვასოს უეჭველად არტისტული გარეგნობა ჰქონდა: შუა ტანისაზე ოდნავ დაბალი, თხელ-თხელი ახალგაზრდობაში, ზომიერად ხორცსავსე შუაკაცობაში, ე.ი. იმ პერიოდში, როდესაც მისი შემოქმედება გაიფურჩქნა და გაიშალა (სიბერეში როგორღაც დაპატარავდა და ძალიან გახდა); მოძრაობა სხარტი, ენერგიული, უპოზიორო; სახე საკვირვლად მეტყველი – სახის კუნთების სისტემა მეტის-მეტად მოძრავი და მოქნილი; შავი მოელვარე თვალები, საკმაოდ მოდიდო, კაუჭა ცხვირი და მტკიცე ნიკაპი. ეს ცხვირი და ეს ნიკაპი ენერგიით მოსავდნენ მის საერთო ნერვიულ სახეს. ხმა-მკვეთრი, მაგარი, ხანდახან მჭექარე, არა მდიდარი მოდულაციებით, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან მორჩილი და მოქნილი ინტონაციებისათვის. დიქცია-მკაფიო, იმდენად რომ ხანდახან სიტყვებში “იმაში“, “რაში“ ნათლად ისმოდა ხოლმე ბოლოში უკანონოდ მისმული თანხმოვანი ბგერა “დ“-“იმაშიდ“, “რაშიდ“ და სხვა… ინტონაცია მდიდარზე-უმდიდრესი, ჟესტი-საკვირვლად გამომეტყველი. ერთბაშად ისე გაიზრდებოდა ფულით მდიდარი, სულით ღარიბი ადამიანის მედიდურობის დროს, გეგონებოდათ ოჩოფეხზე შედგაო, ან უეცრად ისე დაპატარავდებოდა, კაკლის ნაჭუჭში მოთავსდებოდა. ხელების ხმარება იცოდა იშვიათი ექსპრესიით“- (საქართველოს თეატრალური საზოგადოება, ვასო აბაშიძე თბ. 1951 წ.)
ვასო აბაშიძის გმირთა გალერია მოიცავს 500-მდე სხვადასხვა როლს. მნიშვნელოვანი როლებია: კუმუხტი, ტრდატოვი, დაბაღოვი (გ. ერისთავის “დავა”, “გაყრა”, “ძუნწი”), გეურქა (ზ. ანტონოვის “მზის დაბნელება საქართველოში”), ავეტიკა, აკოფა, მაზუთიანი, გასპარა, ოსეფა, გრიქულა (ცაგარელის, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!”, “ხანუმა”, “ციმბირელი”, “ბაიყუში”, “მათიკო”, “ჭკუისა მჭირს”), საქო (გედევანიშვილის “მსხვერპლი”), ზიმზიმოვი, ისაია (სუნდუკიანის “პეპო”, “ხათაბალა”), ბესო (სუმბათაშვილ-იუჟინი “ღალატი”), გრზშნევსკი (რამიშვილის “მეზობლები”). კლასიკური რეპერტუარიდან განასახიერა ფამუსოვის (გრიბოედოვის “ვაი ჭკუისაგან”), ხლესტაკოვის, გოროდნიჩის (გოგოლის “რევიზორი”), ბელოგუბოვის, შმაგის (ოსტროვსკის “შემოსავლიანი ადგილი”, “უდანაშაულო დამნაშავენი”), სკაპენისა და ორგონის (მოლიერის “სკაპენის ოინები”, “ტარტიუფი”), ფიგაროს (ბომარშეს “სევილიელი დალაქი”) და სხვა როლები. მონაწილეობდა ოპერეტებში: შ. ლეკოკის “რაინდი უშიშარი და გულმართალი” (ლარგი), უ. ჰაჯიბეკოვის “არშინ-მალალან” (ასკარი) და სხვა.
ვ. აბაშიძე მარტო მსახიობობით როდი კმაყოფილდებოდა, წლების განმავლობაში რეჟისორობდა, ხელმძღვანელობდა დასს. ანტრეპრენიორობის პერიოდში ქართულ სცენაზე ვასომ დადგა: შექსპირის ,,ჰამლეტი’’, ,,მეფე ლირი’’, ,,ვენეციელი ვაჭარი’’, დ. ერისთავის ,,სამშობლო’’, ა. ცაგარელის ,,ხანუმა’’ და სხვა.
ვასო აბაშიძის შემოქმედების არე ვრცელია: თბილისი, ქუთაისი ბათუმი, ფოთი, სოხუმი, ბაქო, გორი, ელიზავეტპოლი,ჭიათურა, შორაპანი, ყვირილა, თელავი, სიღნაღი, საგარეჯო, გურჯაანი, ქარელი, კავთისხევი, სურამი, ხაშური, ბორჯომი, წაღვერი, ბაკურიანი, გომი, საქაშეთი, ახალქალაქი (გორის მაზრა) ცემი, ახალციხე, ახალი სენაკი, ძველი სენაკი, სამტრედია, კულა, სიონი, საჭიკაო, ბანძა, ჩახისწყარო, ლანჩხუთი, ოზურგეთი.
ვასო აბაშიძემ სალიტერატურო სარბიელზეც სცადა თავისი ნიჭი, ქართულ თეატრს მისცა ორმოცამდე ორიგინალური, ნათარგმნი და გადმოკეთებული დრამატული ნაწარმოები, კომედიები, ვოდევილები, ოპერეტები. დაწერა რამდენიმე პიესა: “ცოლი თუ გინდათ და ეს არის“, “ტასიკო“, “ვისი ბრალია“… 1885 წელს დააარსა პირველი სათეატრო გაზეთი “თეატრი“, რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა, შემდეგში ეს გამოცემა ვალერიან გუნიას გადასცა. მანვე გამოსცა კრებულები “პანთეონი“, “ჩვენი თეატრი“, “ჩანგი“, რითაც ხელი შეუწყო საესტრადო რეპერტუარის შექმნას.
ვასო აბაშიძეს მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა სიცოცხლეშივე. მსახიობის შემოქმედება ხიბლავდა დიდსა და პატარას. ყველაზე სიტყვაძუნწი თეატრალური კრიტიკოსებიც კი ვერ ფარავდნენ აღტაცებას ქართული თეატრის რაინდის ფილიგრანული სასცენო ნამუშევრებით. ილია ჭავჭავაძე მას დიდ პატივს სცემდა: „ერის სულიერი ვითარებისა და თვითცნობიერების გაღვიძების საქმეში სცენას საპატიო ადგილი უჭირავს და შენც ამ კათედრიდან ასწავლიდი შენს მშობელ ერს და მასთან ერთად ბევრ სხვასაც, თუ რა ღირსება და ნაკლი ჰქონდათ, რა უნდა ეგმოთ, რა ექოთ, ცხოვრებაში სათაყვანებლად რა გაეხადათ. შენ მიერ ხორცშესხმულნი, სასცენო ტიპები უკვდავად დარჩებიან, რადგანაც ცხოვრება და შენი სასცენო მოღვაწეობა, ბუნებრივი სინამდვილე და შენი ამ ცხოვრების ნიჭიერად დასურათება ერთურთს არ ეწინააღმდეგებიან. სული ერთი აქვთ“.
ერთ-ერთ წერილში ილია ჭავჭავაძე ასე ახასიათებდა მის მსახიობურ ნიჭს:”დაჰღალა მაყურებელი სიცილითა. არ გაგონილა ამისთანა კომიკი, როგორიც ბ_ნი აბაშიძეა, როცა თავის როლშია და გუნებაზედაც არის. ნამდვილი არტისტია… ყოველს მოქმედ პირს, თუ კი მისი შესაფერისი როლისაა, იგი განასახოვნებს ხოლმე და ,,ტიპად’’ გარდააქცევს… უყურებთ ბ_ნს აბაშიძეს სცენაზედ და ჰფიქრობთ, რა ვქნა, ამისთანა კაცი სადღაც მინახავსო და არ მაგონდება კი, სადა და ვინ არისო’’.
მადლიერმა ქართველმა ხალხმა ვასო აბაშიძეს 1887 წლის 3 მაისს ათი წლის სასცენო მოღვაწეობის იუბილე გადაუხადა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძე წერდა იუბილარს: “ათი წლის მოღვაწეობამ თქვენმა სცენაზედ ნათლად დაგვანახა ყველას, რა შეუძლიან თქვენისთანა ნიჭიერსა. უკეთესნი წუთნი, ჩვენს ქართულს თეატრში ჩვენ მიერ გატარებულნი, ისე არ წარმოგვიდგებიან ჩვენის ხსოვნის თვალწინ, რომ თქვენს მიერ შექმნილი ტიპნიც თვალწინვე არ გამოგვესახნონ. ამით თქვენ დაგვიმტკიცეთ, რომ ჭეშმარიტი არტისტი იგივე შემოქმედია, როგორც სხვა ჭეშმარიტი ხელოვანი. მოგილოცავთ დღევანდელ დღეობასა და მოგართმევთ რა ჩემის პატივისცემის, ნიშნად ამგვირგვინისა, ვისურვებთ, რომ ამ ჩვენის სამშობლოს ყვავილებმა დაჰდაფნოს ჩვენი სამშობლოს სცენის დამდაფნელი არტისტი“.
1902 წელის 10 მარტს ვასო აბაშიძეს 25 წლის სასცენო მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს არა მარტო თბილისში, არამედ ქუთაისშიც და სხვა ქალაქებშიც. იუბილეს ესწრებოდნენ: რუსები, უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები.
ქართული თეატრის რაინდი პირად ცხოვრებაში მოკრძალებული იყო, მუდამ ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
აი, ერთი ეპიზოდი ვასო აბაშიძის ცხოვრებიდან: მსახიობს სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილეზე საზეიმოდ მორთული ლანდო მიართვეს. დიდხანს ელოდნენ წარგზავნილები ვასოს მისი სახლის წინ, მაგრამ… ვასო სახლის უკანა კარებით გავიდა და ასევე უკანა კარებით შევიდა თეატრში. იუბილეს ორგანიზატორებმა უსაყვედურეს, ეს რა ჩაიდინეო, ხალხი გელოდებოდა ქუჩაში, ლანდოც გამოგიგზავნეთ და შენ კი ჩუმად შემოიპარე თეატრშიო. თუ ჩემს იუბილეს მართავთ მე აქ გახლავართ,_უთხრა მსახიობმა და სიცილით დაუმატა,_ თუ ცხენების დღესასწაულია, უჩემოდ გამართეთო.
ვასო აბაშიძის „მადლობითი თანაგრძნობა… ღირსეულად აქვს დამსახურებული“ – აღნიშნავდა აკაკი წერეთელი და შემდეგ ქუთაისში წარმოთქმულ სიტყვაში ბატონ ვასოს მადლობას უძღვნის, რომ „ერთ რჩეულთაგანს, შეგნებული გქონდა საჭირო ჭეშმარიტება! იმ თავიდან ამ ბოლომდე, ოცდახუთი წლის განმავლობაში მამა-შვილურის თანაგრძნობით თვალყურს ვადევნებდი შენს ნიჭიერ მოღვაწეობას და არც ერთხელ არ შემინიშნავს, რომ გემტყუნებინოს სიმართლისათვის სწორე გზიდან!.. და დღეს პირნათლად შეგიძლია სთქვა: რაც შემეძლო, კიდევაც გავაკეთეო“ პატივი შენს ნიჭს, გამარჯობა გულწრფელ მოღვაწეობას და ვაშა მამულის საკადრის შვილს ვასილ აბაშიძეს!“
შენის სანაქებო ნიჭით, შენის სამაგალითო შრომა-მეცადინეობით აღადგინე და აღამაღლე მსახიობთა დაბეჩავებული მდგომარეობა საზოგადო მოღვაწეთა მნიშვნელობამდე… თეატრი ხელოვნების ტაძარია, ხოლო მსახიობნი ამ ტაძრის ქურუმები და მათ შორის შენ ხარ პირველი“ (ქართული თეატრის დასი).
25 წლის სასცენო იუბილეზე აქვსენტი ცაგარელმა წარმოადგინა ვასილ აბაშიძის მოღვაწეობა, მისი ცხოვრების გზა და აღნიშნა, რომ „თეატრის საქვეყნო, მსოფლიო მნიშვნელობა ყველას კარგად მოეხსენება, მხოლოდ ჩვენთვის თეატრს სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობაც აქვს: იგი ინახავს, იფარავს და ასულდგმულებს სამშობლო ენას. ენა არის სული ხალხოსნობისა, მისი არსებობა. როგორც უსულო სხეული გვამს წარმოადგენს, ისე უენო ხალხოსნობა მკვდარია, არ არსებობს, არა არის რა. ამგვარად, თეატრია, სადაც შეფარებულია ხალხოსნობის სული ან ენა. ამ ტაძრის მოსამსახურენი იმისი მწყემსები არიან, მაშ, გაუმარჯოს სამშობლო სცენის მოღვაწე მწყემსთ და მათ მთავარს ვ. აბაშიძეს.“
“ვ. აბაშიძე ბევრად მაღლა დგას დანარჩენ ჩვენს მოთამაშეებზე“_წერდა ვალერიან გუნია. არტემ ახნაზაროვი ხაზს უსვამდა წერილში ვასილ აბაშიძის ნიჭს, მაგრამ იმასაც დასძენდა, რომ ეს დღე ღირსსახსოვარია არა მარტოოდენ ნიჭიერის მსახიობის 25 წლის მოღვაწეობის აღსანიშნავად, არამედ ვითარცა ნიშანი ქართველთა შორის ქართული დრამატული ხელოვნების სიმტკიცისა და სიმკვიდრისა ვითარცა ნიშანი ქართველობის სამშობლოს სცენის მიმართ მხურვალე სიყვარულისა და თანაგრძნობისა, ვითარცა აწ უტყუარი და საუკეთესო მომასწავლებელი ქართული სცენის წარმატება_სიცოცხლით სავსე მერმისისა.“
იუბილეზე ვასო აბაშიძემ მოკრძალებული სიტყვა წარმოთქვა: ,,ბატონებო! ნება მიბოძეთ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ. დღევანდელმა დღემ ნათლად დამანახვა, რომ ქართველ ერს შესძლებია დაფასება და პატივისცემა არა მარტო დიდ მოღვაწეთა, არამედ ისეთი მცირე მუშაკებისაც, რომელთა შორის მეც ვირიცხები. ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რა ეკლიანი და შხამნაღვლიანი იყო და არის ქართულ სცენაზე შრომა, მაგრამ დღევანდელ დღე ყველა ვარამს მავიწყებს. დღევანდელმა დღემ დამიმტკიცა, რომ ჩემს მცირე შრომასაც ამ 25 წლის განმავლობაში სამშობლო სცენაზე უქმად და უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ვიმეორებ, ნება მიბოძეთ, ყველას გამოგიცხადოთ ჩემი გულითადი მადლობა, მადლობა მომიხსენებია, აგრეთვე ყველა დაწესებულებათა წარმომადგენლებისათვის, მადლობას ვუძღვნი ჩემს ამხანაგებს, სომეხთა არტისტებს და თანამშრომლებს“(საქართველოს თეატრალური საზოგადოება-ვასო აბაშიძე-თბ.1951 წ.)
ვასო აბაშიძის აღიარება ერთბაშად არ მოსულა. მან შემოქმედების დიდი გზა გაიარა, იყო სიხარულიც და გაჭირვებაც, დავით კლდიაშვილის თქმით „ვასო რკინიგზის აგენტიც იყო, აუტანელმა გაჭირვებამ აიძულა სცენას დაშორებოდა და რკინიგზის აგენტობით შეენახა თავისი თავი, თავისი ცოლი ჩვენი თეატრის ძვირფასი საუნჯე მაკო და თავისი პატარა ქალიშვილი_მომავალი მშვენება ქართული თეატრისა_ტასო.“
შალვა დადიანის წერილში ვასო საინტერესო პიროვნებად არის წარმოდგენილი: „ყველამ ვიცით, რომ ქართული თეატრი მეცხრამეტე საუკუნისა შთაისახა იანვრის 2 -ს 1850 წლისა, მაგრამ ნამდვილი და მუდმივი დასი დაარსა ვასო აბაშიძესთან და ვასო აბაშიძით. ამგვარად, ვასო ამჟამად, ჩვენდა სასიხარულოდ, ცოცხალი ისტორია და ცოცხალი ტრადიციაა ქართული თეატრისა.“
საინტერესო წერილია სახელმწიფო აკადემიური მოსკოვის მცირე თეატრის წარმომადგენლებისა, ამ წერილს ხელს აწერენ: მარია ერმოლოვა, მ. კლიმოვი, ალ. სუმბათაშვილი, ი. უჟინი,პრ. სადოვსკი და სხვები…
„ღრმად პატივცემულო მეგობარო და ძალიან ნიჭიერო არტისტო, ვასო აბაშიძევ!
სახელმწიფო აკადემიური მოსკოვის მცირე თეატრი სიყვარულით, პატივისცემით და სიხარულით მიესალმება დიდ ქართველ არტისტს ქართული სცენისა და მისი მშობლიური ხალხის საუკეთესო, უმაღლეს კულტურულ მისწრაფებათა მაღალმხატვრულ სამსახურში ყოფნის 50 წლისთავზე. თქვენ ამ წმიდა საქმეს მოახმარეთ თქვენი იშვიათი ნიჭი, მიუძღვენით ქმედითი პატრიოტული გრძნობით აღსავსე გული. ამ ორკეცი ძალით ახლგაზრდა ქართულ თეატრს საფუძვლად დაუდევით სიმართლე, ძლიერება და სილამაზე. ამ ბურჯებზე, რომელნიც ჩადგეს ქართული სცენის ფუძემდებლებმა, რომელთა შორის თქვენ ერთი პირველთაგანი ბრძანდებით, იზრდებოდა მშვენიერი შენობა, სადაც ადამიანები იპოვნიან დასვენებას და ცხოვრების გამაშუქებელ სინათლეს“
გ. ერისთავის „ძუნწში” მონაწილეობის დროს, როცა დიდი მსახიობი ლითონის ყუთზე ჯდებოდა, ამბობდა ღიმილით: „ მეფე არა ვარ?… აბა ვის უდგას ამისთანა ოქროს ტახტი?“
მართლაც, მეფე იყო ვასილ აბაშიძე, ქართული სცენისა, ქართული სიტყვისა, ქართული თუ ნათარგმნი დრამატული ნაწარმოებებისა. მეფე იყო და მეფედ დარჩა ოქროს ტახტზე, ოქრო კი ხელოვნების მოყვარულთა ეროვნული გულია, სადაც ინახება ძვირფასი სახელები,როგორც დიდი განძი, საუნჯე, რომელიც შიგადაშიგ გადიხსნება სამშობლოს გასაბრწყინებლად და აწმყოს დასაპურებლად:
1922 წლის 15 იანვარს საბჭოთა მთავრობამ მსახიობს 50 წლის იუბილე გადაუხადა. ქართველ მსახიობთაგან პირველს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება: “ხალხი კარგად არჩევს ჭეშმარიტ ნიჭს“- წერდა იმ დროს გაზეთი “კომუნისტი“ №14 საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ თავის მოვალეობად მიითვალა ედღესასწაულა ამ ძვირფასი ხელოვანის ნახევარი საუკუნის მოღვაწეობა სათეატრო ხელოვნების წინაშე და დაადგინა: “ამიერიდან ვასო აბაშიძეს ეწოდოს ხალხის მსახიობი და ფულად მიერთვას ასი მილიონი მანეთი“.
ვასო აბაშიძე ყოველმხრივ უზრუნველყოფილ იქნა, ჰქონდა პერსონალური პენსია, ირიცხებოდა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში და ზოგჯერ წარმოდგენებშიც მონაწილეობდა.
1926 წლის შემოდგომაზე ვასო შეუძლოდ გახდა. შვილი იგონებს: “მამაჩემი წყალტუბოში გაემგზავრა სამკურნალოდ, იქიდან წერილებს მწერდა, ვერა ვგრძნობ თავს კარგად და მალე ჩამოვალო. გაიარა ერთმა თვემ, ერთ დღეს დეპეშა მომივიდა, რომ მამაჩემი მოჰყავდათ, მძიმე ავადმყოფი. ჩამოიყვანეს წყალტუბოდან და მოათავსეს ყოფილ ალექსანდრეს საავადმყოფოში“. “19 დღე იცოცხლა კიდევ, ამის შემდეგ მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, თუმცა კარგა ხანს გონებაზეც იყო და მხიარულობასა და ოხუნჯობას არ იშლიდა“. 1926 წლის 9 ოქტომბერს შეწყდა მისი გულისძგერა, ამქვეყნად აღარ იყო საყვარელი მამა“.(ტასო აბაშიძე-მოგონებანი-თბ.1954წ).
ვასო აბაშიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. შალვა დადიანმა აღნიშნა: “დაიკეცა დიდი წიგნი მეცხრამეტე საუკუნის ქართული თეატრისა, წიგნი, რომელიც აელვარებულია მაღალის ნიჭით, დიდი მუყაითობით და საარაკო გმირული თავდადებულობით, საცა წვაა ცეცხლოვანი ხელოვნებისთვის, საცა მძივებივით ასხმულია ტალანტის მთლიანობით გამოკვეთილი უცხო სახეები კლასიკურ ნაკვეთებისა“ ( საქ. თეატ.საზ-ბა, ვასო აბაშიძე,თბ,1951)
ვასო აბაშიძის ცხედარი გადაასვენეს ხელოვნების სასახლეში. ყოველ საღამოს იმართებოდა პანაშვიდი, რომელსაც დიდძალი ხალხი ესწრებოდა. ცხედართ დღე და ღამე საპატიო ყარაული იდგა. 14 ოქტომბერს მთავრობის წევრებმა კუბო სახლიდან გამოასვენეს. შემდეგ კი მსახიობებმა და ხალხმა სამარის კარამდე მიაცილეს და აკაკის გვერდით დაკრძალეს.
ლიტერატურა
ილ. ზურაბიშვილი – მოგონება, ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, 1938 წ.. # 4;
ილ. ზურაბიშვილი – “ოთხი პორტრეტი”, 1948 წ.
ს. გერსამია – “ვასო აბაშიძე”, 1949 წ.
ალ. ბურთიკაშვილი – “სცენის ოსტატები”, 1951 წ.
ტასო აბაშიძე – “მოგონებანი”, 1954 წ.
www.giorgigigeo.com
Комментариев нет:
Отправить комментарий