8/13/2011

ტასო აბაშიძე – Taso Abashidze (1881 – 1958)



ტასო (ანასტასია) ვასილის ასული აბაშიძე დაიბადა 1881 წლის 17 მარტს (29 მარტი) თბილისში. მისი მშობლები იყვნენ ცნობილი მსახიობები – ვასო აბაშიძე და მაკო საფაროვა-აბაშიძისა.
 ტასომ დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია. პროფესიული განათლება პარიზში ედ. შავანიას მუსიკალური დეკლამაციის სასწავლებელში მიიღო. სადებიუტო როლი 1899 ითამაშა (მაშო, ნ. აზიანის “ფული და ხარისხი”) და თბილისის ქართულ დრამატულ დასში ჩაირიცხა. 1921-1925 წლებში რუსთაველის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა, 1926-1927 – ჭიათურის თეატრში, 1934-1948 – მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.
 ტასო აბაშიძემ განასახიერა 100-მდე როლი. იყო საუკეთესო ტრავესტი, სახასიათო და კომედიური როლების შემსრულებელი. მისი ხალისიანი და მოხდენილი თამაში გამოირჩეოდა ბუნებრიობით, სიმართლით, ორიგინალობით, სიმსუბუქითა და სიზუსტით. აღსანიშნავია მისი გაიანე (ა. სუმბათაშვილის “ღალატი”), ფანფანი (დე კურსელის “ორი ჯიბგირი”), ნუცა (გუნიას “აღლუმი”), ბეატრიჩე (შექსპირის “აურზაური არაფრის გამო”), დირინა (მოლიერის “ტარტიუფი”), ჟიზეფი (ბაიარისა და ვანდერბურხის “პარიზელი ბიჭი”), ავთანდილი (ი. გედევანიშვილის “სინათლე”), ნასტია (ა. ოსტროვსკის “ბედნიერი დღე”), ორომსე (ა. ცაგარელის “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”), პრიუდანსი (ა. დიუმას “მარგარიტა გოტიე”). მონაწილეობდა ოპერეტებსა და საოპერო სპექტსკლებშიც, მღეროდა კარმენის (ბიზეს “კარმენი”), ქერუბინოს (მოცარტის “ფიგაროს ქორწინება”), ბეტინას (ოდრანის “მასკოტა”), პერიკოლას (ოფენბახის “მოჭიკჭიკე ჩიტები” – “პერიკოლა”) და სხვა პარტიებს. გადაღებულია კინოში – “ხანუმა” (ქაბატო), “ხუთწლედი 4 წელიწადში” (გლეხის ქალი). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1943 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება.
 ტასო აბაშიძე გარდაიცვალა 1958 წლის 15 სექტემბერს, თბილისში.

ლიტერატურა
ტასო აბაშიძე, მოგონებანი, თბილისი, 1954 წ.
დადიანი შ., ტასო აბაშიძე, ტფ. 1924;ქსე, ტ. 1, გვ. 21, თბ. 1975

Комментариев нет: