8/13/2011

ელისაბედ ჩერქეზიშვილი – Elisabed Cherkezishvili (1863 – 1948)



ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი დაიბადა 1863 წლის 14 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ კოშკაში, ღარიბი აზნაურის ალექსანდრე ივანეს ძე ჩერქეზიშვილის ოჯახში. დედა – მარიამი გახლდათ თავად რაჟდენ მხარგრძელ-ფავლენიშვილის ქალი, რომელმაც მალე აიცრუა გული ღარიბი აზნაურის ოჯახზე და ხშირად, მთელი კვირით მიეშურებოდა თავის დიდგვაროვან ნათესავებში. ბავშვზე უფრო მამა ზრუნავდა. მამამ 10 წლის ლიზას სპეციალური გაკვეთილებიც კი დაუნიშნა. ლიზა სწავლობდა ,,ვეფხისტყაოსანს” მუსიკას, ცეკვას.
 დედამ ლიზა ჩარიცხა წმინდა ნინოს სასწავლებელში, სახელმწიფოს ხარჯზე, მაგრამ მამამ გამოიყვანა.
 16 წლის ლიზა ქორწილში მოეწონა დეიდის მაზლს გიგა მაჩაბელს, რომელმაც მოახერხა ქალიშვილის შერთვა მისი დედის ჩარევით. ასე გახდა 16 წლის გოგონა ხნიერი თავადის მეუღლე. მისგან ლიზას შეეძინა ქალიშვილი ნუცა.
 ერთი წლის შემდეგ ლიზამ მიატოვა მეუღლე და დედასთან, სოფელ კოშკაში გაიქცა. ეს იმ დროისთვის წარმოუდგენელი ნაბიჯი იყო. სწორედ სოფელში შეხვდა პირველ სიყვარულს – იურისტ ნიკო ხიზანიშვილს. ნიკომ ელისაბედს ხელი თხოვა და პატარას მეურვეობაც იკისრა, მაგრამ ყოფილი ქმარი გაჯიუტდა, განქორწინების უფლება არ მისცა და სიკვდილითაც დაემუქრა. მხოლოდ 15 წლის შემდეგ, მაშინ, როცა თავადი გარდაიცვალა, დაიწერეს ჯვარი ნიკომ და ლიზამ, მეჯვარეებად კი საკუთარი შვილები წაიყვანეს.
 ნიკო ხიზანიშვილისგან ლიზიკოს შეეძინა 2 ვაჟი.
 ბედნიერი ოჯახი მეგობრების თავშეყრის ადგილად იქცა. ნიკო და ლიზა გულღია და მხიარული მასპინძლები იყვნენ. ნიკო ხიზანიშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან. ელისაბედი იგონებს:,,ილია ჭავჭავაძე ახლო მეგობარი იყო ჩემი მეუღლის, ნიკო ხიზანიშვილისა. როცა პირველად გამაცნო ილია, აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, ბრინჯივით ვიბნეოდი. დიდი მორიდება მქონდა მისი. მინდოდა განსაკუთრებული რამ მეთქვა, განსაკუთრებულად მოვქცეულიყავი, მაგრამ ყოველვის ან ენა მებორკებოდა, ან ფეხი. ერთხელაც დიდის აღელვებით და თავმოწონებით ვადღეგრძელე: ,,იცოცოხლეთ ბატონო ილია ათ წელიწადს. ,,ილიას გაეცინა: ელისაბედ, მეტი არ გემეტება ჩემთვისო? სირცხვილით სახე მეწვოდა. წყალს მომთხოვდა, ფეხები მებლანდებოდა – ერთხელ ჭიქიანად დავენარცხე მის წინ,,
 ნიკომ შეუწყო ხელი ელისაბედის შემოქმედებითი წინსვლისთვის.
 ელისაბედმა სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1886 წ. ქართულ დრამატულ თეატრში. 1884 წ. გამოდიოდა სოფლის სცენისმოყვარულთა წარმოდგენებში. თამაშობდა კომედიურ როლებს. მისი ნამუშევრებია: სარა, ხანუმა (ა. ცაგარელის ,,ხანუმა”), ელისაბედი (რ. ერისთავის ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს), ანა ანდეევნა (გოგოლის ,,რევიზორი).
 ბედნიერმა ცოლ-ქმარმა ევროპაშიც იმოგზაურა. მოინახულეს ბერლინი, პარიზი, ჟენევა, ესწრებოდნენ წარმოდგენებს. ლიზა აღფრთოვანებული იყო ევროპულ კულტურით. ნიკო კი განუწყვეტლივ იმეორებდა: “ყველა ეს სანახაობა და საოცარი ქალაქები ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენი პატარასა ქართველოს ერთი მტკაველი მიწა მირჩევნია ამ ქვეყნებს…”
 მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. უფროსი ქალიშვილი პოლიტიკური ნიშნით ციმბირში გადაასახლეს, უფროსმა ვაჟმა, როგორც სულით ავადმყოფმა, მოსკოვში დალია სული, უმცროსი ვაჟი კი ემიგრაციაში წავიდა და 26 წლის შემდეგ სამშობლოში ტუბერკულოზით დაავადებული დაბრუნდა. ნიკო მოკლეს.
 ამხელა ტკივილის მიუხედავად, ლიზა გატაცებით ასრულებდა სცენაზე კომიკურ როლებს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჯერ მოღვაწეობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრში, 1932 წლიდან კი – კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც შექმნა შემდეგი სახეები: ნუნუ (ზ. ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში) ,,ხორეშანი (შ. დადიანის ,,ჩატეხილი ხიდი”) მაკრინე (ლ. არდაზიანის ,,სოლომონ ისაკ მეჯღანუაშვილი”).
 1921 წ. იღებენ კინოში. როლები: ჯუფანა (,,ვინ არის დამნაშავე?) ხანუმა (,,ხანუმა”) და სხვა. მისი ბოლო როლი იყო ვასილ ყუშიტაშვილის მიერ დადგმული უშანგი ჩხეიძის “გიორგი სააკაძეში” როდამის დრამატული როლი. მიუხედავად ასაკისა, როლი არაჩვეულებრივად დაძლია მსახიობმა.
 ლიზას, სესილია თაყაიშვილს და ვერიკო ანჯაფარიძეს ერთი საგრიმიორო ჰქონიათ. “ელისაბედ ჩერქეზიშვილი დიდი მსახიობი იყო, მაგრამ თავმდაბალი, თავის თავს ყველაზე პატარად თვლიდა თეატრში… მე ძალიან მიყვარდა ლიზა. ისეთი მეგობრობა, როგორიც მან იცოდა, იშვიათად მინახავს.” – წერდა მოგვიანებით ვერიკო ანჯაფარიძე.
 საინტერესოა იოსებ გრიშაშვილისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილის მეგობრობა. პოეტის დისშვილი, ანი ლაზარიდი-ციციშვილისა იგონებს: “მათ აკავშირებდათ თეატრი და წაღვერი, სადაც ცხოვრობდნენ და ზაფხულობით ისვენებდნენ. ხშირად ერთად გამოდიოდნენ სცენაზე თბილიში, წაღვერშო და სხვა დაბა-ქალაქებში. მახსოვს, გრიშაშვილის ერთ-ერთ საღამოზე ვალერიან გუნის პიესა ,,დედისერთა,,_ში თამაშობდნენ ორივენი. დედას ელისაბედ ჩერქეზაშვილი ასრულებდა, შვილს-იოსებ გრიშაშვილი. პიესის მიხედვით, ელისაბედი უნიათო შვილს ,,იოთამს,, ეძახდა. ცხოვრებაშიც, როცა კი სოსოს გამოჯავრება უნდოდა, ლიზა მას ხუმრობით ,,იოთამს,, ეძახდა. ზაფხულობით წაღვერში თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს იოსებ გრიშაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და პოეტი მარიჯანი. მხიარული განწყობილება სუფევდა, იყო ლექსების კითხვა, ექსპრომტები, საინტერესო მოგონებები, მოსწრებულ სიტყვა-პასუხზე ატყდებოდა ერთი სიცილ- ხარხარი: სოსო გულიანად ,,ჯახჯახებდა,, გადამდებად იცინოდა მარიჯანიც, ელისაბედი კი თავშეკავებულად ჩაიქირქილებდა ხოლმე. 1937 წლის ზაფხულს კიდევ შევიკრიბეთ წაღვერში, ჩვენს აგარაკთან ახლოს ისვენებდა შუა ხნის სიმპატიური ექიმი-პედიატრი გაჩეჩილაზე. ელისაბედს არ მოსწონდა ექიმის დაუდევარი ჩაცმა-დახურვა; პიჯაკის ღილები ყოველთვის ზერე-ქვერე ქონდა შეკრული, რაც კოპწია ლიზას აღიზიანებდა. ხუმრობით ეტყოდა, რა ექიმი ხარ, ღილები ვერ შეგიკრავს რიგიანად, ავადმყოფი როგორ უნდა მოოარჩინოო. ისიც ხუმრობითვე უპასუხებდა ხოლმე. ერთ საღამოს ლიზა ცუდად შეიქნა. მოვარდა ჩვენთან მისი შვილიშვილი ეკატერინა ვაჩნაძე:? ,,ძია სოსო! ბებო ლიზა ცუდად არის, ხმა წაერთვა, გვიშველეო,,. მაშინვე გავცვივდით, საბრალო ლიზა მივარდნილი დაგვხვდა, ხმა წართმეოდა და ხელების ქნევით რაღაცას გვანიშნება. ვერაფერს ვიგებდით დავუძახეთ ექიმ-პედიატრს გაჩეჩილიაძეს. შემოსვლისთანავე ლიზას ხუმრობით მიმართა: ,,ჰა რა ამბავაი საიქიოს?,, ხმაჩავარდნილმა ლიზამ თავს ძალა დაატანა და ძლივს გასაგონად წაილუღლურა: ,,შენ გიბარებენ,შენაო,,. წაგვსკდა სიცილი. გაჩეჩილაძემ- ნემსია ახლავე საჭიროო. ამაზე ლიზამ ისევ დაჭყიტა თვალები და სოსოს წასჩურჩულა_,,მაშ თუ იოთამი არა ხარ, ეს ბალღების ექიმი ჩემთვის რა მოგაყვანინა?,, ისევ აგვიტყდა სიცილი , მაგრამ ჩანდა, რომ საქმე სახუმაროდ აღარ იყო. უცბად სოსომ გაიხსენა, რომ წაღვერში ისვენებდნენ პროფესორი ეფრემ ზაქარაია და მიხეილ ტყავაძე. გვაფრინა მათთან და სასწრაფოდ მოგვაყვანინა. მახსოვს ექიმებმა წყალი გაგვაცხელებინეს და ძაბრით დიდხანს ასუნთქებინესლიზას. ცოტა ხნის შემდეგ ავადმყოფი გამობრუნდა. იმ წელს მთელი მარჯანიშვილის თეტრი წაღვერში ისვენებდა. გაიგეს თუ არა ლიზას ავადმყოფობა ყველამ მასთან მოიყარა თავი. ჯერ გვარიანად შეშფოთდნენ, მაგრამ როგორც კი ლიზამ ჩვენკენ მოიბრუნა პირი და ხმაც დაუბრუნდა შვებით ამოისუნთქა და ოხუნჯობის საბაბიც მიეცათ.
 1941 წელს ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაბადების 80 წლის შესრულების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნდა გამოსულიყო მისი მოგონებების და პიესების კრებული, რომლის რედაქციაც დაევალა ი. გრიშაშვილს. ელისაბედს ხშირად უხდებოდა ხარფუხში თავისი წიგნის რედაქტორის ბინაში მოსვლა. ტრანსპორტი ჩვენს სახლს არ უდგებოდა. როცა ამოივაკებდა და უკანასკნელ მოკლე ამოსახვევს მოადგებოდა, ლიზა შორიდანვე დაიწვებდა ბურღუნს: ,,ათი წლის სიცოცხლე, ათი წყვილი ფეხსაცმელი გავცვითე აქ ამოსვლით, სოსო! ცხონებულმა მამაშენმა ამაზე უკეთესი ადგილი ვერ მონახა ამოდენა ქალაქში, რომ ამ გოლგოთაზე აიშენა სახლი?,, სოსო ჩაეგებებოდა, ხუმრობით უქარწყლებდა დაღალვას, აქებდა თავის უბანს:,,ზიზიკო (ასე ეძახდა ელისაბედს) ნახე, რა სანახაობაა აქედან ძველი თბილისი ხელის გულივით მოჩანს, სუფთა ჰაერი, სიწყნარე. პოეტ-კაცს მეტი რა უნდა?,, აიყვანდა ხოლმე თავის პატარა სკვერში და აჩვენებდა: ,,აი, როგორ სურნელოვანი ყვავილები მაქვს, ესეც ფშატის, უნაბის, თუთის, ალუბლის, ხეებია. ამას რა სჯობია?,, ,,ეს რა ყვავილებია ქა?,, ,,ესა?ამას ,,საბაჩკა,, ჰქვია.,, საბაჩკის,, ადგილია და ,,საბაჩკაც,, ხარობს კარგ ყვავილს აქ რა უნდა. ხუმრობით, სიცილ-ხარხარით მუშაობდნენ წიგნზე. სოსო ყოველთვის კარგ ხასიათზე დგებოდა, როცა კი ელისაბედ ჩერქეზიშვილი გვეწვეოდა ხოლმე და ეტყოდა: ,,ზიზიკო! შენ რომ ჩემთან ახლოს ცხოვრობდე, არასდროს დავბერდებოდიო. ,,ლიზა თავისებური მანერით ქოქოლას აყრიდა: ,,მამა გიცხონდა, იოთამ, შენ გაცოცხლო და არ დაგაბერო, მე კი თავი მოვიკლა, ამ გოლგოთაზე სიარულითა!,, ელისაბედ ჩერქეზაშვილის და იოსებ გრიშაშვილის მეგობრობა ყველას, ვინც ამ ორ კოლორიტულ პიროვნებას იცნობდა, სამუდამოდ ჩარჩება მეხსიერებაში”.

ნაყოფიერი სასცენო მოღვაწეობისათვის ელისაბედ ჩერქეზიშვილი დააჯილდოვეს ,,ლენინის ორდენით” ,,საპატიო ნიშნის” ორდენით და მედლებით.
 საქართველოს მრავალ ქალაქში იმართებოდა მისი იუბილე. 1948 წლის 18 ნოემბერს ერთერთ ასეთ საიუბილეო საღამოზე მიიჩქაროდა ბოლნისში. მარჯანიშვილის თეატრის ახლოს, ვერის ხიდთან, ავტოსადგომში წაიბორძიკა და…
 ელისაბედ ჩერქეზიშვილი დაკრძალეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის ნიკო ხიზანიშვილის გვერდით. 1963 წ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ქართულმა საზოგადოებამ აღნიშნა ე. ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავი.
ლიტერატურა:

 მ. ნიჟარაძე ,,ელისაბედ ჩერქეზიშვილი” თბილისი, 1977 წ.
ანი ლაზარიდი-ციციშვილისა, მოგონებები იოსებ გრიშაშვილზე.
გაზეთი 24 საათი, 2008-12-13.
ნონა შელია – ქალი ჩემს ქვეყანაში

www.giorgigigeo.com

Комментариев нет: