ძალიან შემაწუხა იმ ყველაფერმა, რაც ირგვლივ ხდება. დამღალა ამდენმა ფარისევლობამ და სიყალბემ, ყველგან და ყველაფერში. გაჩნდება რაღაც ახალი, გასარჩევ-საყაყანო და აბა, არიქა, დაერევიან ერთმანეთს. მერე ესეც მალე ბეზრდებათ და ისევ მიიძინებენ. მთავარი კი ისევ მისახედი რჩება.
მე აქაც ცალკე აღმოვჩნდი.გული მერევა ერთზეც და მეორეზეც.
თავიდანვე ვაცხადებ, მერე რომ მცდარი დასკვნები არ გააკეთონ, რომ მეც ზუსტად ასე ვფიქრობ და რომ მძულს, როცა ვინმე იჩაგრება თავისი ეროვნული ან რელიგიური ნიშნების, ან თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო და ნერვებს მიშლის ყველა, ვინც ამტკიცებს ქართველობის, მართლმადიდებლობის და ჰეტეროსექსუალობის უპირატესობას და ადამიანად არ ცნობს ყველა განსხვავებულს.
ამით იმის თქმა მინდა, მეც სწორად მიმაჩნია, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის იმაში, კარგად დავფიქრდე და ეჭვი შევიტანო მის ჰუმანურ მოტივებში.რატომ? ახლავე გეტყვით.
დავიწყოთ იმით, რომ ესაა ქვეყანა, სადაც ადამიანს ჭიანჭველას ფასი აქვს და სადაც ყოველ წამს და ყოველ ცისმარე დღეს ირღვევა ადამიანის უფლებები. სადაც ყველაფერი აკრძალულია, სადაც უკვე არსებობაა შეუძლებელი.
მოსახლეობის ნახევარზე მეტი უმუშევარია. არ დამიწყოთ ახლა, ზარმაცები ვართ და იმიტომო, ან ცოდნა არ აქვთ შესაფერისიო, თორემ ვინც კარგად ისწავლა, ყველამ რაღაცას მიაღწია და სულაც აღარააა საჭირო მფარველების ყოლაო. ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრია ნიჭიერიც, ბეჯითიც, მონდომებულიც, დიპლომებიან-სერტიფიკატებიანი, მაგრამ სულ მუდან სამუშაოს ძებნაში და ამ გაუთავებელ ძიებაში თუ უცებ გაუმართლა და რამეს გამოჰკრა ხელი, მაინც დიდი დღე არ უწერია და თავიდანვე განწირულია იმისთვის, რომ პირველივე შემცირებაზე სწორედ მას გამოუშვებენ, თუნდაც სხვებზე მაღლა იდგეს ყველაფრით. ნაცნობის და მფარველის გარეშე არასდროს არაფერი ხდებოდა ამ ქვეყანაში და ახლაც იგივეა, უბრალოდ ნაცნობობის კრიტერიუმები შეიცვალა.
ვისაც გაუმართლა და მუშაობს, აქედანაც ალბათ დიდი-დიდი 10 პროცენტი იყოს უზრუნველყოფილი
დანარჩენები ფსიქიურ აშლილობამდე მიყავს იმაზე ფიქრს, როგორ ამყოფინონ შემოსავალი ოჯახს ამ კანიბალური ფასებისა და გადასახადების ფონზე.
ამას ემატება დაუცველობის განცდა. აქ არავინაა დაცული საკუთარი ხელისუფლებისგან. მუდმივი თვალთვალი უხილავი ” დიდი ძმის”, დამცინავი და თავზეხელაღებული პარპაში პოლიციის და თვალში შეყრილი ნაცარი მასმედიის, რომ ყველაფერი კარგადაა.
მართლმადიდებელიც ვარ, ქართველიც მაგრამ მუდამ უმცირესობაში მოვყოლილვარ ჩემი შეხედულებების და პრინციპების გამო, თუმცა დიდად არ მიწუხია ამაზე. ეს საამაყოც კია ჩემთვის.
აი ახლაც, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ვერ შემიყოლია ამ ახალმა თემამ, რადგან მაინც მგონია, რომ ეს გადაწყვეტილებაც იმ შოუს ერთი განყოფილებაა, შერონების, ჰარლინების, გარსიების, პოტების და სხვა ვარსკვლავების მოსაწყვეტად და გულზე დასაკერებლად რომაა ჩაფიქრებული.:))
მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ განწირული მარადიული ბედნიერებისთვის ...
Комментариев нет:
Отправить комментарий