6/15/2011

:))


 არ მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, ვისაც არაფრის ეშინია. ჯერ ერთი, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას გასდევს იმის სტრესი, რომ მოვკდავები ვართ (ადამიანი ხომ ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელიც აცნობიერებს, რომ მოკვდება), მეორეც, იმდენად კომფორტის მოყვარულები ვართ, რომ გამუდმებით გვეშინია რაღაცების და ვიღაცების დაკარგვისა.

  სასაცილოა, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, გათავისუფლების მაგივრად, მით უფრო მიპყრობს შიში. მეშინია ცხოვრების დაგეგმვის (რომ არ გამომივიდეს), მერე უფრო ვიბნევი და მართლა არ გამომდის, მეშინია, ხვალინდელი დღის, იმის, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებ და შეიძლბა სამსახური არ მქონდეს. ჰო, ყველაზე მეტად უმუშევრობის მეშინია. ზუსტად ვიცი, ასეთი რამ რომ შემემთხვეს ძალიან მძიმედ გადავიტან.

კიდევ, მეშინია ღამურბის, სიბერის.. იმისაც მეშინია, რომ 30 წლის ვარ. შესაბამისად, დიდი. დიდობისაც მეშინია.


  მეშინია ცვლილებების. უმუშევრობასთან ერთად, ეს ფობია მოწინავე ადგილებს იკავებს. მეშინია ტელეფონის ზარის. რომ რეკს, ჟრუანტელი მივლის და სულ კანკალით ვპასუხობ (განსაკუთრებით, სახლის ტელეფონის მეშინია. ბავშვობიდან ასე ვარ. სულ მგონია, ცუდი ამბავი უნდა შემატყობინონ. არ ვიცი, შეიძლება, ადრეულ ასაკში მიღებული სტრესის ამბავია, თუმცა მე არ მახსოვს).

მეშინია ახლობელი ადამიანების და მეგობრების დაკარგვის. იმიტომ, რომ ამ უკანასკნელებს ძალიან დიდი სიფრთხილით ვირჩევ. ამიტომაც არის მათი რაოდენობა ასეთი მცირე.

  მეშინია სიმსუქნის :)  (თუმცა ამ ბოლო დროს ღიპი დამეტყო) და, ამ ბოლო დროს, კუჭს მიზანმიმართულად ვიავადებ (იდიოტი ვარ, ვიცი,სამსახურიც მაქვს ასეთი). მეშინია ავადმყოფობის. მეშინია სახლში მარტო ყოფნის და კარზე ზარის (გაზის კაცის მეშინია, მგონია, რომ მოვა და ჩაჭრის)..
  რამდენი ხანია, ასე, ერთი ამოსუნთქვით, პოსტი არ დამიწერია. რა კარგი ყოფილა!.. უფრო სწორად, ის დრო ყოფილა კარგი, მარტო 20 კაცი რომ მკითხულობდა და რასაც მინდა, იმას ვწერდი - სისულელეებს (არა, ახლაც სისულელეებს ვწერ, მაგრამ მაშინ ადამიანურ სისულელეებს ვწერდი, სადაც შეცდომა უფრო მარტივად მეპატიებოდა.)

Комментариев нет: