2/19/2011

10 ყველაზე გავრცელებული ბლოგ-შეცდომა

ამბობენ, რომ წერა იმაზე, თუ როგორ უნდა წერო, მასტურბაციაა. პრობლემას ვერ ვხედავ, იყოს მასტურბაცია, თუ რაიმე ცოდნას მაინც გვაძლევს : ) ერთი ეგაა, ისეც ხდება ხოლმე, რომ როცა სხვებს ვასწავლით რამეს, სწავლების პროცესშივე ვუშვებთ შეცდომებს: მაგალითად, პოსტი იმის შესახებ, რომ პოსტი მოკლე უნდა იყოს, ძალიან გრძელი გამოგვდის. ან ვამბობთ, რომ უსურათო პოსტები აბსურდია და სურათის მიბმა ამ პოსტისათვის გვავიწყდება.

ვიცი, რომ ასეც ხდება, ხოდა, ვეცდები, იგივე არ დამემართოს.

შენიშვნა: შეიძლება ამ პოსტში ვერც ვერაფერი ნახოთ ახალი, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზანი ახლის თქმა კი არა, სწორად ფორმულირებაა იმისა, რაც უკვე ვიცით.

მასაშე:
1) ბიოგრაფიის გარეშე

ეს უბრალოდ ნდობის საკითხია. თუ გინდა, მკითხველები გყავდეს, მათ უნდა იცოდნენ, ვის ტექსტს კითხულობენ. ანონიმური ნაწერები ნაკლებად დამაჯერებელია იმ ნაწერებთან შედარებით, რომლებსაც ხელმოწერა ახლავთ. ბლოგის შემთხვევაში მხოლოდ სახელი და გვარიც არაა საკმარისი. სულ მცირე, რაც მკითხველმა უნდა იცოდეს ბლოგის ავტორის შესახებ, არის მისი ასაკი, განათლება, მისწრაფებები და გამოცდილება იმ სფეროში, რომელზეც წერს. თუ ასეთი გამოცდილება საერთოდ არ არსებობს, სჯობს მკითხველმა ეს ავტორისაგან გაიგოს. ხოდა, თუ აქამდე არ მითქვამს, ახლა ვიტყვი: მე არასდროს ვყოფილვარ კოსმოსში : ))))

2) პირადი ფოტოს გარეშე

კარგი, უკვე გვაქვს გვერდი ,,ჩემ შესახებ", მაგრამ ფოტო? ფოტო აუცილებელია. ჯერ ერთი, სრული წარმოდგენის შექმნას უწყობს ხელს, გარდა ამისა, მკითხველისათვის სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ავტორი სახეს არ მალავს.

ფოტო აკავშირებს ვირტუალურ და რეალურ სამყაროებსაც. ის ადამიანები, ვისთანაც რეალურად გქონია შეხება, შენს ფოტოს ადვილად იცნობენ და ვირტუალურად გამოგეხმაურებიან. მეორე მხრივ კი ისინი, ვინც ფოტოთი გაგიცნობს, შეიძლება რეალურადაც გაგესაუბრონ ოდესმე. ბოლოს დაბოლოს, იქნებ ვინმეს ისე ძალიან მოეწონო, რომ შენი ყველაზე სულელური პოსტიც კი სიამოვნებით ჩაიკითხოს. რა იცი
3) გონებამახვილური, მაგრამ არაადეკვატური სათაურები

ბოდიში, ლანდიშ. აი, პოსტის სათაური: ,,ო, ღმერთო! სულ სექსი, სექსი! როსღა გვეღირსოს ჩვენ გათავება?" რაზეა ეს პოსტი? მე მაგალითად სათაური რომ წავიკითხე, ვიფიქრე, რომ პოსტი არის სიმთვრალეში გათავების პრობლემაზე და რაზე აღმოჩნდა? აღქმით შეცდომებზე. კიდევ მრავალი ეგეთი პოსტის მოძებნა შეიძლება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემს ბლოგზეც იყოს ეგეთი რამე : )

მოერიდეთ თუნდაც მაგარ სათაურებს, თუ მათ ცოტა აქვთ საერთო body-text-თან.

სათაურებთან დაკავშირებით შეიძლება ისიც ითქვას, რომ სჯობს სათაური იყოს მოკლე და ბანალური, ვიდრე გრძელი და ორიგინალური. გარდა ამისა, თუ ინგლისურად წერ სათაურს, მოერიდე ქაფსლოქით წერას, მთავრული ასოები კითხვის სისწრაფეს 10 %-ით ამცირებს და გარდა ამისა, მკითხველებს ეჩვენებათ, რომ ბლოგერი მათ უყვირის : )))
4) ლინკი არსაით

სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლეა იმისათვის, რომ ის არარსებული ლინკების გახსნაში გალიო. შეამოწმე, მუშაობს თუ არა ლინკი, რომელიც პოსტში ჩართე. შეიძლება ლინკი მუშაობდეს კიდეც, მაგრამ ის არ იყოს მითითებული, სად გადის იგი. ნუ დაწერ ასე: ამას ვუყურე და მომეწონა. ნაცვლად ამისა, მიუთითე ფილმის სათაური: მკითხველმა უნდა იცოდეს, ლინკს რომ გახსნის, იქ რა დახვდება.
5) დამარხული კლასიკა

ყველა ბლოგერს აქვს სავიზიტო პოსტ(ებ)ი, რომლითაც თავის დროზე ბევრს დამახსოვრეს თავი. მაგრამ დრო გავა და ამ პოსტებს ნამდვილად არავინ დაუწყებს ძებნას თარიღის მიხედვით. ნუ დამარხავ კარგ პოსტს ისეთ ადგილას, რომ მხოლოდ იმ მკითხველმა შეძლოს ამოთხრა, ვისაც ახსოვს, რომ პოსტი 3 მაისს, 2005 წელს დაიწერა.

გარდა ამისა, დალინკე ხოლმე ახალ პოსტში ძველი პოსტები. დაე, ახსოვდეთ!
6) კალენდარი უსარგებლოა

ეს შეცდომა არაა, უფრო კლიშეა. კალენდრის ვიდჯეტი 9 მაისის დღესასწაულივითაა. მისი არსებობის აზრს ვერ ხედავ, მაგრამ იყოს.. რას გიშლის. თვეების მიხედვით პოსტების საძიებლად არქივი არსებობს, ბოლო პოსტების გამოტანაც შესაძლებელია ცალკე. ერთადერთი, რასაც კალენდარი ჰფენს ნათელს ისაა, რომ ბლოგერს 5 დღეა ახალი არაფერი დაუწერია. ჰოდა, რად გინდა, ეს რომ მკითხველმა იცოდეს? ეს როგორც კი გავაცნობიერე, მაშინვე გავაქრე კალენდარი ჩემი ბლოგიდან.
7) არარეგულარულად წერა

მგონი, ამ პუნქტს უფრო ჩემთვის ვწერ, ვიდრე სხვებისათვის. უნდა ვისწავლო რეგულარულად წერა და ვსწავლობ კიდეც. მთავარი- მკითხველის იმედების გამართლებაა. ხოდა, მკითხველი რომ შემოდის ბლოგზე და ახალი არაფერი ხვდება, შეიძლება ხელიც აიღოს შენი ბლოგის კითხვაზე.

ყველაფერს პახმელიით ვერ გაამართლებ.

მაგრამ მე ყველაზე მეტად ის მაინტერესებს: რა სჯობს, დაწერო თუნდაც სისულელე იმიტომ, რომ უნდა დაწერო, თუ თავი შეიკავო და ცოტა ხნის შემდეგ რამე აზრიანი შექმნა. ანუ როდის უფრო იმედგაცრუებულია მკითხველი, როცა ბლოგზე პოსტი არ ხვდება თუ როცა ცუდი პოსტი ხვდება?
8 ) თემატური დომხალი

რაც მეტ თემაზე წერ, მით მეტი მკითხველი ნაღდად არ გყავს. შეიძლება ბევრი შემოხეტებული გყავდეს, მაგრამ ერთგულ მკითხველებს მხოლოდ თემების სწორად შერჩევით შეიძენ. ჩემს ბლოგზე რომ შემოდიან, დაახლოებით იციან, აქ რა დახვდებათ და მიხარია, რომ ეს ასეა.

ასე რომ დაუმიზნე შენი ბლოგი რამდენიმე თემას, ან თემები დაუმიზნე შენს ბლოგს და გეყოლებიან ისეთი მკითხველები, რომლებიც საკუთარ ყოველდღიურ მზერას დაგიმიზნებენ.

ყველა თემის შესახებ პოსტებს მხოლოდ უსაქმურები კითხულობენ.
9) ასჯერ გაზომე, ერთხელ დაპოსტე

სანამ რამეს დაწერდე, დაფიქრდი იმაზე, თუ ვინ შეიძლება წაიკითხოს შენი ნაწერი. მაგალითად, თუ დაწერ, რომ ყველა სამსახური ბოსთან კონფლიქტის გამო დაკარგე, არ გაგიკვირდეს, თუ შენი დაქირავება შენი ბლოგის მკითხველებიდან არავის მოუნდება. ასე რომ, სანამ დაწერდე, იფიქრე შენს მომავალ ბოსზე, მომავალ შეყვარებულზე, მომავალ მეგობრებზე.

იმას აღარ ვამბობ, რომ , მკითხველების გარდა, არსებულ ბოსზე, არსებულ შეყვარებულზე და არსებულ მეგობრებზე უნდა იფიქრო. ეს ისედაც იგულისხმება.
10) გახსოვდეს სხვებიც

, ისე მოექეცი ბლოგერებს, როგორც გინდა, რომ ისინი მოგექცნენ. ამ ნაწილში საკმაოდ მოვიკოჭლებ, რაც არც სიზარმაცის ბრალია და არც ეგოიზმის. უფრო დაბნეულობისა და დილეტანტიზმის, არ ვიცი რა ვიკითხო და ახალი ბლოგების მოსინჯვას ნაცადი ბლოგების კითხვა მირჩევნია.

მოკლედ, ძალიან მცირეა შანსი, რომ მე შემთხვევით თქვენს ბლოგს გადავაწყდე. მაგრამ არის ერთი კარგი ამბავი: კომენტარის გრაფიდან მე თითქმის ყოველთვის გადავდივარ კომენტატორის საიტზე

Комментариев нет: