1/17/2011

მე მარცვალი ვარ ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი


არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები.
არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი,
მაგრამ თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი.
მე კი ჩუმად ვარ, როგორც მარცვალი ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი
და ღმერთმა იცის, რა მელოდება ჩიტის ჩიჩახვი თუ ქვის საწოლი, ეკალბარდები თუ თბილი ხნული.
იმ დღეს ურემი მოჰყავდა გოგოს. მე გზასთან ვიდექ და ვუყურებდი.
ის კი თავისთვის ფიქრობდა, ალბათ, და მოდიოდა შარაგზის მტვერში.
რატომღაც ცრემლი მომაწვა ყელში. ცრემლი მომაწვა ყელში ბურთივით და უცებ ისე შემეკრა სუნთქვა,
თითქოს გაყინულ წყალში ვხტებოდი.
მე რა მინახავს ამ ქვეყანაზე და მაინც მჯერა,
რომ ვერაფერი ვერ შეედრება იმ მტანჯველ თრთოლვას, რომლითაც ვნება იღვიძებს ჩვენში.
ის მოდიოდა შარაგზის მტვერში და როცა იგრძნო ჩემი თვალები, შეშფოთდა, როგორც სუსტი ცხოველი და არა ქალი…
რადან მე მხოლოდ მკაცრი მუნდირი ვიყავი მისთვის.
არ ეშინია ქალს მამაკაცის, მოსაჩვენებლად შეკრთება ხოლმე.

Комментариев нет: